ყოველდღიური ცხოვრება
ძველ ეგვიპტელთა უმრავლესობა ფერმერი იყო. მათი საცხოვრებელი ნაგებობები გამიჯნული იყო ერთმანეთისგან ოჯახების მიხედვით და ტალახის აგურით იყო ნაგები, რაც ცხელი დღის განმავლობაში მის სიგრილეს განაპირობებდა. ყოველ სახლს სამზარეულო ჰქონდა ღია სახურავით. აქ იყო საფქვავი ქვა ხორბლისთვის და მცირე ღუმელი პურის საცხობად.კედლები თეთრად იყო შებათქაშებული და სავარაუდოდ დაფარული იყო შეღებილი სელის ფარდებით. იატაკზე ლერწმით ნაქსოვი ფარდაგები ეფინა, ხოლო ავეჯს წარმოადგენდა ხის სამფეხა სკამები, იატაკიდან აწეული საწოლი და ინდივიდუალური მაგიდები.
ძველი ეგვიპტელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჰიგიენასა და ესთეტიკას. მათი უმრავლესობა ნილოსში იბანდა ტანს და ცხოველური ცხიმისა და ცარცისგან შექმნილ რბილ საპონს იყენებდა. მამაკაცები მთელ ტანს იპარსავდნენ სისუფთავისთვის, ხოლო უსიამოვნო სუნისა და კანის დასაამებლად არომატულ ნელსაცხებლებსა და ზეთებს იყენებდნენ. ტანსაცმელი უბრალო სელისგან იქმნებოდა, რაც ძირითადად თეთრი ფერის იყო. მაღალი წრის მამაკაცებიც და ქალებიც პარიკებს და სამკაულებს ატარებდნენ და სახეს კოსმეტიკით იფარავდნენ. ბავშვები 12 წლამდე ტანსაცმლის გარეშე დადიოდნენ. ამ ასაკში ბიჭებს წინადაცვეთის რიტუალს უტარებდნენ და თავს პარსავდნენ. ბავშვების მოვლა დედებს ევალებოდა, მამებს კი — ოჯახში სარჩოს შემოტანა
ძირითადი საკვები იყო პური და ლუდი, რასაც ემატებოდა ბოსტნეული, ძირითადად ხახვი და ნიორი, და ხილი — ლეღვი და ჩირი. ღვინო და ხორცეული ძირითადად დღესასწაულების დღეებში იყო მასებისთვის, ხოლო მაღალი წრისთვის კი უფრო რეგულარულად. თევზი, ფრინველი და ხორცეული მარილდებოდა და შრებოდა, შემდეგ კი წვნიანად კეთდებოდა ან იწვებოდა. მუსიკა და ცეკვა პოპულარული გართობის საშუალება იყო მათთვის, ვისაც ამისთვის ხელი მიუწვდებოდა. ადრეულ ინსტრუმენტთა შორის იყო ფლეიტა და ფანდური, მოგვიანებით დამუშავდა საყვირის, ობოისა და დუდუკის მსგავსი საკრავებიც. ახალ სამეფოში ეგვიპტელები უკვე მსოფლიოს სხვა ნაწილებიდან შემოტანილ საკრავებსაც იყენებდნენ.სისტრუმი ჟანჟრარა მუსიკალური ინსტრუმენტი იყო, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რელიგიური ცერემონიებისთვის.
დასვენების ჟამს ძველეგვიპტელები სხვადასხვა თამაშით ირთობდნენ თავს. სანეტი, დაფის თამაში იყო, რომელზეც ქვები კამათელზე ამოსული ნიშნის მიხედვით გადაადგილდებოდა და განსაკუთრებით პოპულარული იყო ადრეულ ხანებში; კიდევ ერთი მსგავსი თამაში იყო მეჰენი, რომელსაც მრგვალი სათამაშო დაფა ქონდა. ბურთით თამაში პოპულარული იყო ბავშვებში. ბენი ჰასანის აკლდამაში ასევე აღწერილია ორთაბრძოლის ტრადიცია. მდიდარი ძველეგვიპტელები თავს ირთობდნენ ნადირობითა და ნაოსნობით.
მუშათა სოფლის დიერ ელ-მადინა გათხრებში აღმოჩენილ იქნა ძველი მსოფლიოს საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დეტალური დოკუმენტური მასალა, რომელიც თითქმის ოთხას წელიწადს მოიცავს. არ არსებობს სხვა არქეოლოგიური ძეგლი, სადაც უფრო უკეთ შეიძლება თემთა ორგანიზაციის, სოციალური ურთიერთობების, შრომისა და ცხოვრების პირობების დეტალების შესწავლა.
No comments:
Post a Comment