მმართველობა და ეკონომიკა
სასამართლო სისტემა
სასამართლო-იურიდიული სისტემის მეთაური ოფიციალურად ფარაონი იყო, რომელიც აწესებდა კანონებს, განაგებდა მართლმსაჯულებას და კანონსა და წესრიგს იცავდა, კონცეფცია, რომელსაც ძველი ეგვიპტელები მა'ატს უწოდებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ძველი ეგვიპტის სამართლებრივი კოდექსის დოკუმენტური მასალა დღემდე არ შემორჩენილა, სასამართლო დოკუმენტებში ნაჩვენებია, რომ ეგვიპტური კანონები ეფუძნებოდა ზოგად მოსაზრებებს ჭეშმარიტებასა და მცდარზე და მნიშვნელობას ანიჭებდა შეთანხმების მიღწევასა და კონფლიქტების გადაჭრას, დოგმატურ კოდექსებზე მკაცრად დაყრდნობის ნაცვლად. ადგილობრივი საბჭოს უხუცესები, ცნობილი როგორც "კენბეტები" ახალ სამეფოში, პასუხისმგებელი იყვნენ სასამართლო სამსჯავრის გამოტანაზე, რომლებიც მოიცავდა მცირე მნიშვნელობის უთანხმოებებსა და საჩივრებს. უფრო მნიშვნელოვან საქმეებს, რომლებიც მოიცავდა მკვლელობას, მნიშვნელოვან სამამულო გარიგებებს და აკლდამების ძარცვას, იხილავდა "დიდი კენბეტი", რომელსაც ვეზირი ან თავად ფარაონი განაგებდა. მოსარჩლეები და მომჩივანები საკუთარ თავს წარადგენდნენ და ვალდებული იყვნენ ფიცი დაედოთ სიმართლეზე. ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო ასრულებდა, როგორც განმსჯელის, ისე მოსამართლის როლს, და შეეძლო მსჯავრდებული ცემით ეწამებინა აღიარების მოსაპოვებლად. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სერიოზული იყო საქმე, სასამართლოს მწერლები საჩივრებს, ჩვენებებსა და განაჩენს დეტალურად იწერდნენ სამომავლო საქმეების სამაგალითოდ.
მცირე დანაშაულისთვის სასჯელი მოიცავდა ჯარიმის დაწესებას, ცემას, სახეზე დაღდასმას, ან განდევნას. სერიოზული დანაშაული (მაგ. მკვლელობა ან სარკოფაგის გაძარცვა) ისჯებოდა ეგზეკუციით, რომელიც გამოიხატებოდა სხეულის ნაწილების მოჭრით, დახრჩობით ან მსჯავრდებულის კოცონზე დაწვით. სასჯელი შეიძლება გავრცელებულიყო დამნაშავის ოჯახზეც. ახალ სამეფოში სასამართლო სისტემაში დიდ როლს თამაშობდა ორაკული. პროცედურა მოიცავდა ღმერთისთვის "ჰო" ან "არა" კითხვის დასმას განხილვის საკითხის სიმართლის ან მცდარობის დასადგენად. ღმერთი, ქურუმთა მეშვეობით, მართლმსაჯულებას გამოხატავდა ერთის ან მეორის არჩევით, როგოც წესი პაპირუსის ნაჭერზე ან ოსტრაკონზე დაწერილ პასუხთაგან ერთ-ერთის არჩევით.
ადმინისტრაცია და კომერცია
ფარაონს ჩვეულებისამებრ გამოხატავდნენ სამეფო და ძლიერების სიმბოლოებით.
ფარაონი ქვეყნის აბსოლუტური მონარქი იყო და, სულ მცირე თეორიულად მაინც, ქვეყანასა და მის რესურსებს სრულად განაგებდა. მეფე უზენაესი სამხედრო მბრძანებელი და მთავრობის მეთაური იყო, რომელიც ბიუროკრატიული კორპუსის ოფიცრებს ეყრდნობოდა საშინაო საქმეების განხორციელებაში. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო მისი მოადგილე, ვეზირი, რომელიც მეფის წარმომადგენლის როლს ასრულებდა და კოორდინირებას უწევდა მიწის კვლევას, ხაზინას, სამშენებლო პროექტებს, სასამართლო სისტემას და არქივებს.რეგიონულ დონეზე ქვეყანა დაყოფილი იყო 42 ადმინისტრაციულ შენაერთად, რომელთაც ნომები ეწოდებოდა. თითოეულ მათგანს ნომარქი განაგებდა, რომელიც თავის მხრივ ვეზირს ექვემდებარებოდა. ტაძრები ეკონომიკის ხერხემალს ქმნიდა. ეს იყო არა მხოლოდ ლოცვის, არამედ ერის სიმდიდრის შეგროვებისა და შენახვის ადგილი და ქმნიდა ხაზინებისა და ბეღლების სისტემას. ამ სისტემას ზედამხედველთა საბჭო განაგებდა და ისინი იყვნენ მარცვლეულისა და საქონლის გამანაწილებლები.
ეკონომიკის დიდ ნაწილი ცენტრალიზებული და მკაცრად კონტროლირებადი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძველი ეგვიპტელები მონეტებს გვიან პერიოდამდე არ იყენებდნენ, მათ უკვე ჰქონდათ გარკვეული ტიპის ფულისა და ბარტერის სისტემა, ხორბლის სტანდატული ტომრებითა და დებენით, რომელიც დაახ. 91 გრამს სპილენძს ან ვერცხლს იწონიდა, და საერთო საზომი მნიშვნელობა ჰქონდა. მუშებს გასამრჯელოს მარცვლეულით უხდიდნენ; მარტივი მუშახელი დაახ. 5½ ტომარა (200 კგ) ხორბალს გამოიმუშავებდა თვეში, ხოლო მთავარი მუშის ჯამაგირი 7½ ტომარას (250 კგ) აღწევდა. ფასები ფიქსირებული იყო მთელ ქვეყანაში და ჩამოწერილი იყო სიებით ვაჭრობის ხელშესაწყობოად; მაგალითად ერთი პერანგი ხუთი სპილენძის დებენი ღირდა, ხოლო ძროხა — 140 დებენი.მარცვლეულის გაცვლა შესაძლებელი იყო სხვა საქონელზე, ფიქსირებული ფასების სიის მიხედვითძვ. წ. V საუკუნის განმავლობაში ეგვიპტეში უცხოეთიდან შემოიღეს მონეტების სახის ფულადი სისტემა. თავდაპირველად მონეტებს იყენებდნენ ძვირფასი ლითონის სტანდარტიზებული ნაჭრების სახით ფულის ნაცვლად, მაგრამ მომდევნო საუკუნეებში საერთაშორისო ვაჭრობა უკვე მონეტებზე იყო დამოკიდებული.
საგარეო ვაჭრობა
ძველი ეგვიპტელები უცხო ქვეყნებთან ვაჭრობდნენ იშვიათი, ეგზოტიკური საქონლის შემოსატანად, რომელიც ეგვიპტეში არ მოიძებნებოდა. წინადინასტიურ პერიოდში მათ ვაჭრობა დაამყარეს ნუბიასთან ოქროსა და ნელსაცხებლების შემოსატანად. ისინი ასევე ვაჭრობდნენ პალესტინასთან, რაც დასტურდება პალესტინური სტილის ზეთის ლარნაკებით, რომლებიც პირველი დინასტიის ფარაონების აკლდამებში იპოვეს. ეგვიპტური კოლონია დაფუძნებული სამხრეთ ქანაანში თარიღით ოდნავ უსწრებს პირველ დინასტიას.ნარმერი ეგვიპტურ თიხის ჭურჭელს ამზადებინებდა ქანაანში და შემდეგ უკან ეგვიპტეში აგზავნიდა.
სულ მცირე მეორე დინასტიისთვის ძველი ეგვიპტელების ვაჭრობა ბიბლოსთან ხარისხიანი ხე-ტყის მასალის შემოტანის საშუალებას იძლეოდა, რაც იშვიათი იყო ეგვიპტეში. მეხუთე დინასტიისთვის პუნტების მიწასთან ვაჭრობით შემოდიოდა ოქრო, არომატული რეზინი, აბანოზი, სპილოს ძვალი და გარეული ცხოველები, როგორიცაა მაიმუნები და მაკაკები.ეგვიპტე ანატოლიასთან ვაჭრობაზე იყო დამოკიდებული კალის მნიშვნელოვანი მარაგისა და სპილენძის დანამატის შემოტანაში. ძველი ეგვიპტელები ერთობ აფასებდნენ ცისფერ ქვას lapis lazuli, რომელიც შორეული ავღანეთიდან შემოჰქონდათ. ეგვიპტის ხემლთაშუაზღვის სავაჭრო პარტნიორთა შორის იყვნენ საბერძნეთი და კრეტა, საიდანაც სხვა საქონელთან ერთად ზეთისხილის ზეთიც შემოჰქონდათ. ფუფუნების საგნებისა და ხე-ტყის იმპორტის სანაცვლოდ ეგვიპტელებს გაჰქონდათ მარცვლეული, ოქრო, სელი და პაპირუსი, სხვა მზა ნაწარმთან ერთად (მათ შორის მინა და ქვის ნაკეთობები).
სოფლის მეურნეობა
აკლადამის რელიეფზე გამოსახულია ყანაში მომუშავე მუშები.
ხელსაყრელი გეოგრაფიული პირობების ერთობლიობამ დიდი წვლილი გაიღო ძველი ეგვიპტის კულტურის წარმატებაში, რომელთაგან უმთავრესი მდ. ნილოსის ყოველწიური წყალდიდობებით გამდიდრებული ნაყოფიერი მიწა იყო. შედეგად ძველ ეგვიპტელებს შესაძლებლობა ჰქონდათ უხვი საკვები ეწარმოებინათ, რისი წყალობითაც მოსახლეობას მეტი დროის დათმობა შეეძლოთ კულტურული, ტექნოლოგიური და არტისტული მისწრაფებების დაკმაყოფილებისთვის. მიწის მართვამნიშვნელოვანი იყო ძველ ეგვიპტეში, ვინაიდან გადასახადები ადამიანის კუთვნილებაში არსებული მიწის ოდენობით იზომებოდა.
მიწის დამუშავება ეგვიპტეში დამოკიდებული იყო მდინარე ნილოსის ციკლზე. ეგვიპტელები ცნობდნენ სამ სეზონს: "ახეტს" (წყალდიდობა), "პერეტს" (მოსავლის მოყვანა), და "შემუს" (მოსავლის აღება). წყალდიდობის სეზონი გრძელდებოდა ივნისიდან სექტემბრამდე, რომელიც მდინარის ნაპირებზე მინერალებით მდიდარ სილას ლექდა, რაც იდეალური იყო მარცვლეულის მოსაყვანად. წყლის დაწევის შემდეგ მოსავლის მოყვანის სეზონი გრძელდებოდა ოქტომბრიდან თებერვლამდე. ფერმერები ხნავდნენ და თესდნენ ველებზე, რომლებიც არხებით ირწყვებოდა. ეგვიპტეში წვიმა იშვიათი იყო, ამიტომ ფერმერები ძირითადად ნილოსის წყალზე იყვნენ დამოკიდებული. მარტიდან მაისამდე ფერმერები მოსავალს იღებდნენ. ხორბალს შემდეგ ფქვავდნენ, ხდიდნენ ლუდისთვის ან ინახავდნენ მომავლისთვის.
ძველ ეგვიპტელებს ასლი და ჭვავი მოჰყავდათ, სხვა რამდენიმე მარცვლეულთან ერთად, რაც ორი ძირითადი საკვების შესაქმნელად გამოიყენებოდა — პურისა და ლუდისთვის.ისლის მცენარე, მოჭრილი ყვავილობამდე, მოჰყავდათ ქსოვილის ძაფის დასახვევად. ამ ძაფით სელს ქსოვდნენ და ტანსაცმელს კერავდნენ. ნილოსის ნაპირებზე მოყვანილი პაპირუსისგან საწერ ქაღალდს ამზადებდნენ. ხილი და ბოსტნეული მოჰყავდათ საბაღე ნაკვეთებზე, შემაღლებულ ადგილებზე, საცხოვრებელ მიდამოებთან ახლოს და ისინი ხელით ირწყვებოდა. ბოსტნეულთა შორის იყო ნიორი, ნესვი, ყაბახი, სალათი და სხვა, ყურძენთან ერთად, რომლისგანაც ღვინოს ამზადებდნენ.
სენედიემი მიწას ხნავს წყვილი ხარის მეშვეობით, რომლებსაც ასევე ტვირთსაზიდად და საკვებად იყენებდნენ.
ცხოველები
ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ბალანსი ადამიანებსა და ცხოველებს შორის კოსმიური წესრიგის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო, შესაბამისად, ადამიანები, ცხოველები და მცენარეები ერთი მთლიანის ნაწილად ითვლებოდა. ცხოველები, როგორც შინაური, ისე გარეული, სულიერების, თანაარსებობისა და არსებობის კრიტიკული წყარო იყო ძველი ეგვიპტელებისთვის. მსხვილფეხა რქოსანი ცხოველები ყველაზე მნიშვნელოვანი საქონელი იყო; ადმინისტრაცია გადასახადს კრეფდა მსხვილფეხა საქონელზე რეგულარული აღწერებისას, ხოლო პირუტყვის რაოდენობა მათი მფლობელის პრესტიჟსა და მნიშვნელობაზე მიუთითებდა. მსხვილფეხა საქონელთან ერთად ძველ ეგვიპტელებს მოშინაურებული ჰყავდათ ცხვარი, თხა და ღორი. ფრინველი, როგორიცაა იხვი, ბატი და მტრედი, დამწყვდეული ჰყავდათ, სადაც მათ მოსასუქებლად დაძალებით ცომით კვებავდნენ. ნილოსში უხვად იყო თევზი. ფუტკარი მიშინაურებული იყო სულ მცირე ძველი სამეფოს დროიდან და მათგან თაფლი და სანთელი მზადდებოდა.
ძველი ეგვიპტელები სახედარსა და ხარს ტვირთსაზიდად იყენებდნენ. მათვე იყენებდნენ მინდვრების სახნავ-სათესად. მოსუქებული ხარის დაკვლა ღვთაებისთვის შეწირვის რიტუალის ცენტრალური ნაწილი იყო.ცხენი ეგვიპტელების ყოფა-ცხოვრების ნაწილი მეორე გარდამავალ პერიოდში ჰიქსოსთა მიერ გახდა. აქლემი, მიუხედავად იმისა, რომ ახალი სამეფოს დროიდან ცნობილი იყო, ტვირთმზიდად გვიანდელ პერიოდამდე არ გამოუყენებიათ. არსებობს წყაროები, რომლებიც მიუთითებს მცირე ხნით სპილოების გამოყენებაზე გვიან პერიოდში, თუმცა ეს პრაქტიკა მალევე მიივიწყეს მათთვის საჭირო საბალახოების არქონის გამო. ძაღლები, კატები და მაიმუნები გავრცელებული შინაური ცხოველები იყო, ხოლო უფრო ეგზოტიკური ცხოველები შემოყვანილი აფრიკის გულიდან, როგორიცაა ლომები, არისტოკრატიულ ოჯახებში ჰყავდათ გასართობად. ჰეროდოტეს აღწერით ეგვიპტელები ერთადერთი ხალხი იყო, რომელთაც შინაური ცხოველები საკუთარ სახლში ეჭირათ.წინადინასტიურ და გვიან პერიოდებში ცხოველის ფორმის ღვთაებების თაყვანისცემა განსაკუთრებით პოპულარული იყო, მაგ. კატა ქალღმერთიბასტეტი და იბისი ღმერთი თოთი, და ამ ცხოველებს დიდი რაოდენობით ამრავლებდნენ რიტუალური მსხვერპლშეწირვისთვის.
ბუნებრივი რესურსები
ეგვიპტე მდიდარია სამშენებლო და დეკორატიული ქვით, სპილენძისა და ტყვიის მადნებით, ოქროთი და ნახევრადძვირფასი ქვებით. ეს ბუნებრივი რესურსები ძველ ეგვიპტელებს საშუალებას აძლევდა მონუმენტები, საკულტო ნაგებობები, ხელსაწყოები და სამკაული შეექმნათ.ბალზამირებისთვის იყენებდნენ ვადი ნატრუნის მარილებს, რომელიც ასევე გამოიყენებოდა სალესი გიფსის დასამზადებლად.]მადნეულით მდიდარი ქვის ფორმირებები შორეულ ვადის რეგიონში იყო არაბეთის უდაბნოში და სინაიზე, რაც ვრცელ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ექსპედიციებს მოითხოვდა ამ ბუნებრივი რესურსების მოსაპოვებლად. ვრცელი ოქროს საბადოები იყო ნუბიაში — ერთ-ერთი უპირველესი დღეისთვის ცნობილი რუკა იყო ამ რეგიონის ოქროს საბადოს აღწერით. ვადი ჰამამატი გრანიტისა და ოქროს მნიშვნელოვანი წყარო იყო. კრემნი პირველი მინერალი იყო, რომელსაც ხელსაწყოების საკეთებლად აგროვებდნენ და ამ მასალით დამზადებული ხელის წერაქვები ნილოსის ხეობაში ადამიანის დასახლების ყველაზე ადრეული მიმანიშნებელი საბუთებია. მინერალის პირს ფრთხილად ამუშავებდნენ საშუალო სიმაგრის ბასრი ხელსაწყოების (მაგ. ისრების და დანების) დასამზადებლად, ამ მიზნისთვის სპილენძის ადაპტირების შემდეგაც
ეგვიპტელები ტყვიის მადნის გალენიტს გებელ როსადან ბადეების, მცირე ხელსაწყოებისა და ფიგურების დასამზადებლად იყენებდნენ. სპილენძი ყველაზე მნიშვნელოვანი ლითონი იყო ხელსაწყოებისთვის და საწვავ მაღაროებში იდნობოდა სინაიზე მოპოვებული მალაქიტისმადნიდან. მუშები ოქროს აგროვებდნენ ალუვიული დეპოზიტების დანალექებიდან შეგროვებული მარცვლების გარეცხვით ან უფრო შრომატევადი ოქროს შემცველი კვარციტის დაქუცმაცებისა და რეცხვის პროცესით. რკინის დეპოზიტები, მოპოვებული ზემო ეგვიპტეში, გვიან პერიოდში იქნა ათვისებული. მაღალი ხარისხის სამშენებლო ქვები უხვად იყო ეგვიპტეში; ძველი ეგვიპტელები კირქვას მთელი ნილოსის ხეობის გასწვრივ ამზადებდნენ, გრანიტს ასუანიდან, ხოლო ბაზალტსა და ქვიშაქვას ვადისიდან აღმოსავლეთის უდაბნოში. დეკორატიული ქვების დეპოზიტები აღმოსავლეთის უდაბნოში იყო გავრცელებული და ათვისებული იყო უკვე პირველი დინასტიის პერიოდში. პტოლემეურ და რომაულ პერიოდებში მაღაროელი მუშები ზურმუხტის დეპოზიტებს ამუშავებდნენ ვადი სიკაიტში, ხოლოამეთვისტოს ვადი ელ-ჰუდიში.